ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის პროტესტის მონაწილეებს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ნათია თურნავა მის გადადგომასთან დაკავშირებით ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნას გამოეხმაურა.
"ნამდვილად იყო ყველა მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობა. ინვესტორის მხრიდანაც, მთავრობის მხრიდანაც. აქედან გამომდინარე მოხდა სწორედ ის, რომ ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა პროექტის ირგვლივ.
მოვუწოდებთ მათ, ჩაერთონ კონსტრუქციულ რეჟიმში და კონსტრუქციულ დიალოგში. ეს არის საკითხის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი.
ერთი წამით მაინც რომ ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა," - განაცხადა ნათია თურნავამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეფასებით კი, ულტიმატუმების ენით საუბარი შედეგის მომტანი ვერ იქნება. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია დიალოგისთვის კონსტრუქციული ფორმატი შეირჩეს.