პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის ორ კანონპროექტს განიხილავენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპონენტებს მიმართა და აღნიშნა, რომ სულაც არ არის წინააღმდეგი ამნისტიის კანონპროექტი საერთოდ არ მიიღონ, თუმცა ამბობს, რომ ის შეთანხმებისა და პრინციპების ერთგულია.
"თუ ვთანხმდებით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი არ მივიღოთ, კი ბატონო. მაშინ აღსრულდეს კანონი ნიკანორ მელიას მიმართ, რომელიც უმძიმეს დანაშაულში არის ბრალდებული. მე არ ვარ მომხრე, რომ ამნისტია მივიღოთ, მაგრამ ვარ შეთანხმებისა და პრინციპების ერთგული. თუ თქვენ არღვევთ შეთანხმების ტექსტს, დააფიქსირეთ ეს ღიად და პოლიტიკურად ყველას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების მისამართით.
პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტების განხილვა ცხარე დისკუსიისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც, რომლის გამოც, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენების გამოცხადებაც კი გახდა საჭირო, ეს იმ დროს, როდესაც საკუთარ ვერსიას "ქართული ოცნება" წარადგენდა.