ოპოზიცია მიმართავს ხელისუფლებას, შეაჩეროს იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევა, ვიდრე პარლამენტი მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობას არ დაასრულებს. ერთობლივი განცხადება დეპუტატებმა დღეს წერილობითი ფორმით გაავრცელეს. ყურადღება გაამახვილეს საკითხისადმი ელჩების პოზიციაზეც.
"მანამ, სანამ ამ რეფორმის განსახორციელებლად შესაბამისი ცვლილებები არ მომზადდება, მანამდე, ბუნებრივია, არასწორი იქნება დანიშვნების განხორციელება. სამართლიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს ღერძი არის ინდივიდუალური მოსამართლე. ამიტომ, ჩვენ საბჭოში გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც მერე მოსამართლეებად კლანის წევრებს და მათდამი დაქვემდებარებულ ადამიანებს კი არ დანიშნავენ, არამედ დანიშნავენ თავისუფალ და ღირსეულ ადამიანებს, თავისუფლების რომ არ შეეშინდებათ აი ასეთ ადამიანებს," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ.
პარლამენტის წევრი და პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მოსამართლეების ახლანდელი წესით დამტკიცება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მისივე განმარტებით, "ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტს უპატივცემულოდ ეპყრობა.
"ეს ამბავი, რასაც 26-ში იხილავენ, მოსამართლეების ახლანდელი წესით დამტკიცება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ეწინააღმდეგებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ზოგადად უპატივცემულოდ ეპყრობა ამ დოკუმენტს და რაღაცნაირად, უნდა გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მედიატორებთან და ფასილიტატორებთან, რომ შესამჩნევი გახდეს მათთვისაც უფრო მეტად "ქართული ოცნების" ეს უპატივცემულო ქცევა და დაიწყოს მათ მიერ საუბარი იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არღვევს შეთანხმებას," – აცხადებს იაგო ხვიჩია.
პარლამენტის წევრისა და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დოკუმენტზე ხელის მოწერისას გულისხმობდნენ, რომ აღნიშნული ცვლილებები რეფორმის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო.
"დღეს ხელისუფლება მუშაობს დასწრებაზე და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება შარლ მიშელის დოკუმენტთან აშკარად წინააღმდეგობაში მოსვლა. გადადება ამ საკითხების არის მნიშვნელოვანი, რადგან იმაზე მეტად ვერ დაზიანდება პროცესი როგორც დღეს ზიანდება იმით, რომ კლანი საბოლოოდ დააბეტონენს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან კლანის წევრები," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.