17 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ბელარუსის საჰაერო სივრცე არავისთვისაა უსაფრთხო - ლიეტუვის ელჩმა "კურიერთან" რომან პროტასევიჩის სკანდალზე ისაუბრა

გატაცება ტერორიზმის მიზნით- ლიეტუვამ ვილნიუსში მიმავალი თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვების ფაქტზე გამოძიება სწორედ ამ მუხლით დაიწყო. პარალელურად ქვეყნის ლიდერები ახლა ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავენ რა ზომები მიიღოს ბელარუსის წინააღმდეგ.

"კურიერი" დღეს საქართველოში ლიეტუვის ელჩს ესაუბრა. დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა გუშინ მომხდარ ფაქტსა და იმ ნაბიჯებზე, რომელიც მისმა ქვეყანამ ლუკაშენკოს სპეცოპერაციის პასუხად უნდა გადადგას.

"ეს არის აღმაშფოთებელი, უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც თვითმფრინავს მიმართულება იძულებით შეუცვალეს, ის ფაქტობრივად დაჯდომის რეჟიმში იყო. სულ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული ლიეტუვას საზღვრიდან და ვილნიუსში ეშვებოდა. გვაქვს პირველადი დასტური, რომ გამოყენებული იყო ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავებიც. ეს მოხდა პირველ რიგში მაშინ, როდესაც თვითმფრინავი მინსკში იძულებით დასვეს და შემდგომაც, როდესაც რეისი აფრინდა. სამხედრო თვითმფრინავები მას ლიეტუვის საზღვრამდე მიჰყვებოდნენ. ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე არავისთვისაა უსაფრთხო.

საფრთხე შეექმნათ სამოქალაქო პირებს, რომლებიც მგზავრობდნენ ამ თვითმფრინავით. საბედნიეროდ ისინი საბოლოოდ მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ დაეშვნენ ვილნიუსში, თუმცა მგზავრების შემადგენლობას 6 ადამიანი აკლდა, მათ შორის ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, მისი მეგობარი და კიდევ 4 სხვა პირი. მათი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, დიდი ალბათობით ყველა მათგანი ახლა მინსკშია. საგამოძიებო უწყებებმა მაშინვე დაიწყეს ფაქტების მოკვლევა, როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა, მნიშვნელოვანია გამოძიება წარიმართოს ფაქტებზე და ჩვენებებზე დაყრდნობით. ახლა სწორედ ამ პროცესის და მეტი დეტალის გარკვევის მოლოდინში ვართ," - განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.

ლიეტუვის ელჩი ევროპის მხრიდან მოსალოდნელ მკაცრ სანქციებზეც საუბრობს:

"დღეს ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ჩვენი პრეზიდენტი წამოჭრის საკითხს, რომ ბელორუსის საჰაერო სივრცე არავისთვის აღარ არის უსაფრთხო, არც სამოქალაქო და არც სხვა ტიპის ფრენებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენ მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად სანქციებთან და საპასუხო ზომებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ლიეტუვის, როგორც ერთი სახელმწიფოს საპასუხო რეაქცია, არამედ იქნება ევროპული დონის, მრავალკომპონენტიანი ნაბიჯები, მათ შორის მოიაზრება დიპლომატიური და პრაქტიკული კომპონენტებიც. ეს უპრეცედენტო ქმედება არავითარ შემთხვევაში უპასუხო არ უნდა დარჩეს და სწორედ ამიტომ საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. აუცილებლად იქნება ქმედითი ნაბიჯები და ეს ნიშნავს ევროპის დამოკიდებულების ახალ ფურცელს ბელარუსის მიმართ," - აღნიშნა ელჩმა.

ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც ბელარუსთან დაკავშირებით სანქციებზე უნდა იმსჯელონ, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე გაიმართება.

ევროსაბჭოს მომავალი სანქციები ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში ექსტრემალურად დასმას და ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის  რომან პროტასევიჩის დაკავებას უკავშირდება. ჟურნალისტ რომან პროტასევიჩს ლუკაშენკოს რეჟიმი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. მას ბელარუსში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები