ამნისტიის ორი პროექტის განხილვა პარლამენტში დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. ახლა მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გრძელდება, იქამდე კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, "ქართული ოცნების" ვერსიას მხარი უმრავლესობით დაუჭირა, ოპოზიციის პროექტი კი ჩავარდა. სხდომაზე იყო ხმაური და დაპირისპირება.
ფრაქცია "ლელოს" წევრი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შემუშავებული და მხარდაჭერილი კანონპროექტი იურიდიულად გაუმართავია.
"იმდენად გაუმართავ კანონპროექტს დაუჭირა მხარი "ქართულმა ოცნებამ", რომ ეს, ჩემი აზრით, გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო მეტ აღშფოთებას ამ ფაქტთან დაკავშირებით.
ეს შეიცავს სხვა სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებსაც. მაგალითად, ითხოვს წინასწარ თანხმობას პირისგან მასზე ამნისტიის გავრცელების თაობაზე. განაჩენი უნდა გამოვიდეს მხოლოდ სასჯელისგან გათავისუფლებით. ამ ამნისტიის კანონით დატოვეს, რომ თუ წინასწარ თანხმობას არ გვეტყვის, ვთქვათ, ნიკა მელია, გამამტყუნებელ განაჩენს გამოვუტანთ სასჯელის დანიშვნით,"- აცხადებს შალვა შავგულიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, "ოცნების" შეთავაზებული კანონპროექტი მისი პარტიისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია.
"ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ, რომ ამნისტირება მოხდეს ყველასი და ყველაფრის იმ მოვლენასთან დაკავშირებით. ქრისტიანობაც კი არ უშვებს, რომ თუ ადამიანი არ აღიარებს, ის მიტევებული იყოს და "ქართული ოცნება" როგორ აპირებს ამის გაკეთებას, წარმოდგენა არ მაქვს. ეს უნდა იყოს საყოველთაო კონსენსუსის საგანი, მაგრამ ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, რომ ყველა დანაშაულზე, თითქმის მთელ სისხლის სამართლის კოდექსის ამნისტირებას აპირებს მოვლენასთან დაკავშირებით, ეს გამორიცხულია,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.