17 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
ამნისტიის ორი კანონპროექტი და ერთი გადაწყვეტილება - საკომიტეტო განხილვებმა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა

ამნისტიის 2 კანონპროექტიდან არჩევანი დეპუტატებმა ერთზე შეაჩერეს. საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარ ვერსიას დაუჭირა მხარი, თუმცა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.

ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტები დღეს პირველი მოსმენით მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და იურიდიულ კომიტეტებზე განიხილეს. 

მთავარი, რის გამოც ოპოზიციის მიერ მომზადებულ ვერსიას "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არ აქვს, არის ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობისთვის ის დისკრიმინაციულია.

ოპოზიციისთვის მმართველი პარტიის ვერსია ზოგადია და გარდა კონვენციით გათვალისწინებული მუხლებისა, შეეხება ყველას. ასეთი ჩანაწერი კი, მათი აზრით, სახიფათოა და  შარლ მიშელის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე მსჯელობა დაპირისპირების მიზეზიც გახდა. "ლელოს" წევრ ლევან სამუშიასა და "ოცნების" წევრ ალუდა ღუდუშაურს შორის დაწყებულ შელაპარაკებას დარბაზში ხმაური მოყვა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და ვითარების განმუხტვას მანდატურები ცდილობდნენ.

პირველი მოსმენის პირობებში დეპუტატებმა დღეს ორივე კანონპროექტი განიხილეს, თუმცა, საბოლოოდ რომელზე შეაჩერებენ არჩევანს, ეს დეპუტატებმა სესიაზე მსჯელობის და კენჭისყრის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ.

დღის ამბები