ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბელარუსში ჟურნალისტის დაკავების ფაქტს Twiter-ზე გამოეხმაურა.
"ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია. ამან საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. დღეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ განვიხილოთ სანქციების სხვადასხვა ვარიანტის დაწესების საკითხი. საჭიროა ძლიერი პასუხი", - დაწერა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, გუშინ ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში ექსტრემალურად დასვეს და ბორტზე მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.
ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.