ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია დღეს 16:00 საათზე განახლდება. კონკრეტულ გეგმებს აქციის ორგანიზატორები არ ასაჯაროვებენ, თუმცა ცნობილია, რომ პიკეტირებები და მსვლელობა დღესაც იქნება.
როგორც მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი, თუ რა მიმართულებით დაიწყება მსვლელობა და სად მოეწყობა პიკეტირება.
"16:00 საათზე ჩვენ გავაჟღერებთ ამას სცენიდან, რა მიმართულებით დავიწყებთ მსვლელობას და რა გადაიკეტება დღეს. ზოგადი გეგმა რომ გითხრათ, ეს არის, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ იქნება ჩვენი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებული.
კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა; შეჩერდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დადებულია მასთან 2015 წლიდან, აქ იგულისხმება ხელშეკრულების ნაწილიც და რა თქმა უნდა, მიწის გადაცემის ნაწილიც; ასევე ეკონომიკის მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისგების საკითხი, რომელიც მონაწილეობდა ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში და გამოცხადდეს მორატორიუმი," - აცხადებს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი.