17 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
პარლამენტში საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენა იწყება - ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნამდე ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

დღეს კანონდებლებმა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - საარჩევნო რეფორმა, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ.

დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10 პროცენტს, იცვლება ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც.

ვენეციის კომისიის დასკვნამდე, წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". 

"საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მივაღწიეთ პროგრესს, მთელ რიგ საკითხებზე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდთან. ეს აზრთა სხვადასხვაობა შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშნვის პროცედურებს და წესს, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, თავს შევიკავებთ ცვლილებების მხარდაჭერისგან,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ საარჩევნო რეფორმის დიდი ნაწილი შეთანხმებულია.

"პრინციპების დონეზე, საარჩევნო რეფორმა შეთანხმებულია. სიახლე ის არის, რომ შემოდის ტექნოლოგიური ნაწილი, რაც გამორიცხავს ადამიანური შეცდომის, მანიპულაციის რისკებს,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება, მაგრამ რეფორმა ოპოზიციას მანიპულაციის ბერკეტს ხელიდან გამოაცლის.

"რომ არ ყალბდება არჩევნები, ეს უკვე მეექვსე თუ მერვე არჩევნებია ფაქტია, აქ ლაპარაკია, რომ აღქმის დონეზე არავის აღარ ჰქონდეს ილუზიების შექმნის საშუალება. არც ეს რეფომა და და არც ამ რეფორმის მართვა არ ჩავარდება. ყველაფერი ძალიან მაღალი სტანდარტით წარიმართება. რაც შეეხება პროფესიული ნიშნით წევრების შემადგენლობას, მათი არჩევის კრიტერიუმებიც გაწერიალია, ამავდროულად ვიტყვი, რომ საარჩევნო კომისია, თავის ფუნქციებს და მოვალებას ასრულებს დღევანდელ დღესაც,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები