20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ხელისუფლება საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის მზად არის, ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე

პიკეტირება და მსვლელობა თბილისის ცენტრში - ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება. რესპუბლიკის მოედანზე რჩება კარვები.

დღეს საღამოს 8 საათზე შეკრებისათვის განსაზღვრული ვადა იწურება, აქციის ორგანიზატორები კი დაშლას არ აპირებენ. აქცია  ერთ საათში დაიწყება, სამოქმედო გეგმა სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ჯერჯერობით ისიც უცნობია, შედგება თუ არა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მზად არის კონკრეტული და საგნობრივი დიალოგისთვის.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დიალოგი ძალიან გაჭირდება, თუ ქუჩების ბლოკირება და პარალიზება არ შეწყდება.

"ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა. კონკრეტული საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, დიალოგი, კომუნიკაცია თავად პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს არ უნდა გადასცდეს და რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს.

შექმნილია კარგი, ძალიან საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, ექსპერტების თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს. ნებისმიერი შტო ჩვენი ხელისუფლების მზადაა, რომ საქმიანად, კონკრეტულ ჯგუფებში, ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ.", - განაცხადა თურანავამ.

დღის ამბები