მმართველი გუნდი "რიონის ხეობის მცველებს" შეხვედრას და არგუმენტირებულ დიალოგს სთავაზობს.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ აქციებზე ისეთი ხალხი დგას, ვინც რუსულ ინტერესებს ატარებენ.
"მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის დღეს მოთხოვნები თუ არა ის, რომ საერთოდ უაპელაციოდ გაუქმდეს პროექტი? ეს დამოკიდებულება მიუღებელია, ულტიმატუმებით და კატეგორიებით საუბარი არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
"მათ თუ არგუმენტები აინტერესებთ და არა ხმაური, ყვირილი და პოლიტიკური განცხადებები, ამ შემთხვევაში, არგუმენტებზე საუბარი არა საათების, არამედ დღეების განმავლობაში. თუ მათ უნდათ შეუერთდნენ იმ ძალებს, რომლებიც რუსულ ინტერესებს ატარებენ და მათთან ერთად მოაწყონ აქციები, ეს მათი ნებაა და ქართული საზოგადოება ამას კარგად დაინახავს,"- აღნიშნავს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.