საპროტესტო აქცია გაიმართა დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე. ადგილობრივები დახურული ტიპის სპორტული მოედნის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი სამუშაოების შეჩერებას და მერიისგან ადგილმონაცვლეობას ითხოვენ. ადგილზე სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
როგორც ადგილობრივებისთვისაა ცნობილი, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის და კომპანიას არ აქვს უფლება კონკრეტულ ტერიტორიაზე საქმიანობის. უკანონოდაა მოთხრილი და გადატანილი მრავალწლოვანი ხეები. ტერიტორიაზე მოსასვლელი გზა არ არსებობს, აქედან გამომდინარე, როდესაც მშენებლობა დაიწყება, ადგილობრივებს გადაადგილების უფლება შეეზღუდებათ. აქციის მონაწილეები ასევე მერთან და ურბანული სამსახურის უფროსთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მოხდეს მიწის გადაცვლა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სტადიონის მაგივრად აშენდეს პარკი.
სამშენებლო კომპანია "ტრამშენი" კი აცხადებს, რომ მათ საქართველოს საფეხბურთო ფედერაციასთან აქვთ დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამოიყო ტერიტორია, სადაც იგეგმება საფეხბურთო ცენტრის მოწყობა.