ჩეხეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ანდრეი ბაბაშის მილოცვაში ნათქვამია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე.
“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ინტენსივობას და დინამიზმს ყველა დონეზე, ჩვენი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა რიგ სფეროებში კვლავაც მოუტანს სარგებელს ჩვენს ერებს. გარწმუნებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას”,- ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მილოცვაში.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პოლონეთის მთავრობის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი გახდა, რომელიც დინამიურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება.
"პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა პოლონეთის მთავრობის სახელით.
პოლონეთი აფასებს საქართველოს ევროპულ კურსს, რომელიც მიმართულია ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში თქვენი ქვეყანა გახდა რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი, რომელიც დინამიურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება.
გარწმუნებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და კულტურული გაცვლა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნების პოტენციალის გამოყენებისთვის და ორმხრივი სარგებლობისთვის.
გისურვებთ წარმატებებს, როგორც სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაში,"- ნათქვამია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის მილოცვაში.