ზედიზედ მეორე წელია, პანდემიის გამო საქართველო დამოუკიდებლობის დღეს, შედარებით, მოკრძალებულად აღნიშნავს. საერთო სახალხო სეირნობა არ გაიმართება, თუმცა ახალწვეულების ფიცის მიღების ცერემონია, ერთმანეთის პარალელურად, 6 სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. ლოკაციების შერჩევის პრინციპი საბრძოლო დიდებით გამორჩეულ ისტორიებს დაუკავშირეს. ახალწვეულები პირობას დადებენ სვანეთში, აჭარაში პეტრას ციხესთან, ფარავნის ტბასთან, კახეთში ნეკრესთან და მცხეთაში ჯვრის მონასტერთან. ვიზუალურად, ამ პროცესის გაერთიანება თბილისში, თავისუფლების მოედანზე მოხდება, სადაც დიდი ზომის მონიტორები უკვე დამონტაჟებულია. აქ ახალწვეულებთან ერთად განლაგდებიან თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანაყოფების სამხედროები, ასევე ნატოს და აშშ-ის არმიის ინსტრუქტორები.
გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნახვა შეეძლებათ ეკრანიდან, წელს საზოგადოების ჩართულობისთვის განსხვავებული ფორმებიც მოინახა. ქვეყნის ყველა ქალაქსა და რეგიონში საცხოვრებელი სახლებისა თუ დაწესებულებების ფანჯრებიდან დროშები გადმოიფინება.
საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი ჯარისკაცებით შევსების გარდა 26 მაისის ღონისძიებებს შორისაა, მოიერიშე გამანადგურებლების გადაფრენა დედაქალაქის თავზე, გენერალ კვინიტაძის სამხედრო პატივით დაკრძალვა და გალა კონცერტი.
ღონისძიებებს საპატიო სტუმარი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა დაესწრება.