საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დავის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვილილის გამო რამდენიმე მაღალჩინოსანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მათ შორის კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელიც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ჯერ აჭარის პოლიციას, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონალურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
დაჯილდოება პრეზიდენტმა სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვია, თუმცა აღმოჩნდა, რომ კოტე ანანიაშვილის და მასთან ერთად სხვა პირების დაჯილდოებას ზურაბიშვილი 25 თებერვალს აპირებდა.
სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი გახარიასთვის ჯერ კიდევ 17 თებერვალს გაგზავნილი წერილით, ირკვევა, რომ პრეზიდენტს ანანიაშვილის და სხვების დაჯილდოება საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჰქონდა გადაწყვეტილი.
ამ წერილის მიწერიდან მეორე დღეს გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა და, როგორც ჩანს, პრეზიდენტს პასუხი აღარ მიუღია.
ამჯერად, სალომე ზურაბიშვილმა დაჯილდოების გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვია. ღირსების ორდენები მიენიჭათ: ბექა ძამაშვილს, მამუკა ფარულავას, მამუკა ლომიძეს, როინ კაშმაძეს, ავთანდილ დვალიშვილს, რაჟდენ კოპალიანს და კონსტანტინე ანანიაშვილს.