პოლიტიკოსთა უმეტესობისთვის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა რადიკალური მოთხოვნები მიუღებელია. მათი შეფასებით, პროტესტი გასცდა ეკოლოგიურ საკითხებს და ის, რეალურად, ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებას უწყობს ხელს.
მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ჰესები და ინვესტორები ქვეყანას სჭირდება, პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობას კი შეცდომაში შეყვანილად მოიხსენიებს.
კანონმდებელთა ნაწილი კი დღემდე არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვს. ნამახვანჰესის საკითხზე საპარლამენტო მოსმენის ინიციატივა გამოთქვა სალომე სამადაშვილმა. ოპოზიციაში ფიქრობენ რომ პროტესტი არის "ქართული ოცნების" მიერ გაუცემელ კითხვებზე პასუხი.
"ვნახეთ კონტრაქტი, რაზეც ეს ხალხი ჩხუბობს და რომ წავიკითხოთ ყურადღებით, მე ვფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს იმის შეფასების შესაძლებლობა, რომ ეს ხალხი მთლად მტყუანი ნამდვილად არ არის და ეს კონტრაქტი ძალიან საეჭვოა და ფაქტობრივად, იმსახურებს იმას, რომ ის გამოვიდეს საჯარო განხილვის ველზე და ადამიანებმა ნამდვილად გაიგონ, თუ რაშია საქმე," - აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი.