"ერის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე ამბობს, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა და სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული.
"მე დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ის დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თეთრი გიორგის დამფუძნებელი, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის კლასელი მუსტაფა შელია იბრძოდა 30-იანი წლებიდან მოყოლებული, რომლის კვალზეც წავიდნენ შემდეგ ზვიადი, კოსტავა და სხვები”, – განაცხადა ლევან ვასაძე.
მისი თქმით, უცხოელების გარეშე ქვეყანა ვერც სამართალს ადგენს, ვერც არჩევნების დროს ხმებს ითვლის და ვერც კორუმპირებულებს გამოავლენს და დაიჭერს.
"შევდივართ მორიგ ამ დღესასწაულში კიდევ უფრო შემცირებული დამოუკიდებლობის ხარისხით, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა ქართულ ენაში ძალიან მკაფიო ეტიმოლოგიური შინაარსისაა. ეს ნიშნავს, რომ შენ არაფერზე არ კიდიხარ, არა ხარ ჩამოკიდებული, შენ თვითონ დგახარ მყარად ფეხზე და ჩვენ აწი ვეღარც ცესკოში დავითვლით ხმებს დამოუკიდებლად, ვეღარც მოსამართლეებს გავუშვებთ სამსახურიდან დამოუკიდებლად და ვეღარც იმას გადავწყვეტთ, რომელი ჩვენი მოხელეა კორუმპირებული, თუ ამ პროცესში არ ჩაერთვებიან უცხოელები და არ მოგვცემენ ნებართვას, განვსაზღვროთ თითოეული ამ მიმართულების რაობა. რა დამოუკიდებლობას ვზეიმობთ? ვეღარც ხმებს ვითვლით და ვეღარც სამართალს ვადგენთ”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.