თავისუფლების მოედანზე, სადაც ერთ საათში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნა ოფიციალურად დაიწყება, ამ დროისთვის, ბოლო ტექნიკური დეტალები მოწმდება.
თავდაპირველად, საბრძოლო მომზადების ცენტრის 250-მდე ახალწვეული 6 სხვადასხვა ადგილზე უმაღლესი მთავარსარდლის, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს.
დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, ბოლოს კი მოედანს საბრძოლო თვითმფრინავები გადაუფრენს. უსაფრთხოებიდან გამომდიანრე უკვე მეორე წელია ღონისძიებები შედარებით მოკრძალებული მასშტაბისაა. ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო დღეს თავისუფლების მოედანზე ოფიციალური პირები ოჯახის წევრების გარეშე მივლენ.
თავისუფლების მოედანზე ღონისძიება, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოში იმყოფებიან უცხოელი სტუმრებიც, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
დღევანდელი დღის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გენერალ კვინიტაძის დაკრძალვა. საქართველოს ეროვნული გმირს, პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
დღევანდელ დღეს არის მოწოდება მოქალაქეების მიმართ, რომ მათ სახლებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოფინონ.