მოსამართლეთა კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს. მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებამდე პროცესის დროებით შეჩერებასათან დაკავშირებით მედიატორი ელჩების, არასამთავრობოების და ოპოზიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოსამართლეები დღეს კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს 4 წევრს ირჩევენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით წევრების არჩევის გარეშე იუსტიციის საბჭოს ფუნქციონირება შეფერხდება.
სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას უარყოფს და სასამართლო სისტემაში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს ყველა მხარეს იუსტიციის საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია.
საბჭოს ფუნციონირებისთვის ახალი წევრების არჩევის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილიც. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოს მუშაობა პარალიზებული იქნება, რადგან მის შემადგენლობაში რჩება მხოლოდ 6 წევრი, კანონის თანახმად ელემენტარული საკითხების გადასაწყვეტად კი 8 წევრია საჭირო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლო სისტემა ისედაც პარალიზებულია და იუსტიციის საბჭოს 4 წევრის არარჩევა ქვეყანას არ დააქცევს.
სასამართლო სისტემაში რაიმე გავლენების არსებობას გამორიცხავს ნინო ქადაგიძე. მისი თქმით, დღეს შეკრებილი ადამიანებს მიზანი არის, რომ სასამართლომ გამართულად იფუნქციონიროს, რადგან როგორც ის აცხადებს, არჩევნების გადადება გამოიწვევს იმას, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები ფუნქციონირებას შეწყვეტენ.
მოსამართლეები აქციის კონფერენციაზე აქციის ფონზე შეიკრიბნენ. სამოქალაქო აქტივისტები სისტემაში კლანის არსებობას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
პოლიტიკური მოძრაობის "დროა" დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს ქვეყანა დამოუკიდებლობას და ქვეყანაში თავისუფალი ინსტიტუციების არსებობას უნდა ზეიმობდეს, ამის ნაცვლად კი კლანი იფორმებს მართლმსაჯულების მიტაცების კიდევ ერთ ეტაპს. ელენე ხოშტარიას თქმით, პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მოწოდების გაუთვალისწინებლობით, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც არსებულ შეთანხმებას, ასევე პარტნიორი ქვეყნების ელჩებს.
აქციაზე იმყოფებოდა გიორგი რურუაც, რომელიც ციხიდან ცოტა ხნის წინ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე, პრეზიდენტის მიერ შეწყალების შემდეგ გამოვიდა. გიორგი რურუას თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდება ინფორმაცია, რომ უხეშად ირღვევა შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც მართლმსაჯულებას შეეხებოდა.
პარლამენტის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის სასწრაფო შეკრების და მუშაობის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს "ლელოს" წევრი ლანა გალდავა.