17 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად, ფარული კენჭისყრა დაიწყო

მოსამართლეთა კონფერენციაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ, ფარულ კენჭისყრა დაიწყო.

კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს. მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებამდე პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მედიატორი ელჩების, არასამთავრობოების და ოპოზიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოსამართლეები დღეს კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს 4 წევრს ირჩევენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე აცხადებს რომ სასამართლო აბსოლუტურად ღია და გახსნილია და მიუღებელია რომ კლანის წევრად დასახელდეს ყველა, ვინც დაწინაურდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, ან მოხვდება იუსტიციის საბჭოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე  იმ კვოტებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი აირჩევა:

"პირველი 2 კვოტირებული არის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები, ერთი სისხლის სამართლის კოლეგიის, ხოლო მეორე სამოქალაქო. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოსამართლეს ერთი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო მეორე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე," - აცხადებს ლევან მურუსიძე. მისი თქმით, სასამართლოში არ არის კლანი და ეს არის მოსამართლეთა ერთიანობა - კონფერენცია, რომელიც ცდილობს რომ დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა.

მოსამართლეთა კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.  ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მოწოდების გაუთვალისწინებლობით, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც არსებულ შეთანხმებას, ასევე პარტნიორი ქვეყნების ელჩებს.

მოწოდებების გაუთვალისწინებლობის გამო სასამართლო სექტორს და პარლამენტს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

დღის ამბები