ამნისტიის კანონპროექტზე ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. განხილვა, რომელიც გუშინ უნდა გამართულიყო შეჩერდა. მხარეებმა გადაწყვეტილება მიიღეს განსხვავებული პოზიციების გამო.
ხვალინდელი მოლაპარაკების შემდეგ გაირკვევა შეძლებენ თუ არა მხარეები პოზიციების დაახლოებას, რაზეც შემდეგ უკვე დამოუკიდებული იქნება როდის ჩატარდება კენჭისყრა პირველი მოსმენით.
ოპოზიციასაც და უმრავლესობასაც საკუთარი კანონპროექტი აქვთ, მხარეების პოზიციები განსხვავებულია.
ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მოამზადეს ამნისტიის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი, ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის შესრულებაა.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამნისტიის
"ერთი კონკრეტული საკითხია დარჩენილი, რომ ე.წ. მელიას მუხლი, რომელიც გამოიგონა ქართულმა ოცნებამ, ამოვიდეს ამნისტიის კანონიდან. ეს არის პრინციპული საკითხი. ამ ჩანაწერით, ვფიქრობ რომ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უნდა მელიას ამნისტია, არ უნდა ამნისტია, მე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს , ასევე ყველა იმ ხელმომწერ პარტიას, ვინც მონაწილეობას ვიღებდით ამ მოლაპარაკებებში, გვაქვს ვალდებულება, რომ ეს საკითხი უნდა დავხუროთ. შესაბამისად, ეს საკითხი იხურება მხოლოდ ამნისტიის კანონით. ამიტომ, ნებისმიერი მანიპულაცია ქართული ოცნების მხრიდან არის არასწორი,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ შეთანხმების იმედს არ კარგავს, თუმცა ამაში დარწმუნებული არ არის.
"ოპოზიციის ვერსიაში არის რომ სამ პოლიციელზე გავრცელდეს მხოლოდ ეს ამნისტია. და მეორე, დაზარალებულების თანხმობა იყოს საჭირო. მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია ამ ორ ნაწილში არ არის სამართლიანი, ეს არ არის სწორი. თუმცა დანარჩენი ოპოზიცია გაიზიარებს თუ არა ამას, არ ვიცი. ასევე, ხელისუფლების ის პოზიცია, რომ ეს მაინც დამოკიდებულია ბრალდებულზე, მესმის რატომაც არის ასე, მაგრამ უპრეცედენტოა ქართული სამართლებრივი რეალობისთვის და მე არ მომწონს, იქიდან გამომდინარე, რომ მორგებულია ნიკა მელიას სიტუაციაზე. იმედს არ ვკარგავ, თუმცა რომ გითხრათ დარწმუნებული ვარ რომ შეთანხმება შედგება, ასე ნამდვილად არ არის,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.