პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ოძისთან, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ეწვია. ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა წარმოადგინა არსებული ვითარება გადაკვეთის კონტროლირებადი მთავარი პუნქტის რაიონში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით რეგულარული მოძრაობისთვის დაკეტილია 2019 წლის სექტემბრიდან ან 620 დღეზე მეტი.
"მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ „ბორდერიზაციის“ ისეთ მოქმედებებს, როგორებიცაა ღობეების ან სათვალთვალო პოსტების დაყენება, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის მათი გადაადგილების თავისუფლებაზე.
მისიის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა უარყოფით შედეგებზე, რომელიც ოძისის გადაკვეთის კონტროლირებადი პუნქტის განგრძობად დახურვას აქვს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათთვის სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მიწაზე და ადამიანის უფლებებზე წვდომის კუთხით.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ისარგებლა შესაძლებლობით და მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტაბილურობასა და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის და დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა და დაფასება მისიის საქმიანობის მიმართ.
მისიაში ამჟამად პოლონეთის ჩვიდმეტი მოქალაქე მსახურობს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე. მაღალი დონის ბოლო პოლონური ვიზიტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შედგა 2017 წლის მაისში, როდესაც პრეზიდენტი დუდა ეწვია მისიის სათაო ოფისს და 2017 წლის ნოემბერში, როდესაც საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი
ვიტოლდ ვაშკიკოვსკი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.