იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი წევრები ჰყავს. მოსამართლეთა კონფერენციამ ოთხ მოსამართლე წევრად 4 წლის ვადით თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩია. მათ კანდიდატურას მხარი დელეგატების უმრავლესობამ დაუჭირა. მოსამართლეთა კორპუსი 326 მოსამართლისგან შედგება, დღევანდელ კონფერენციაზე რეგისტრაცია 284-მა მოსამართლემ გაიარა.
"კურიერი" საბჭოს ახალ წევრებს გაესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ეს მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება გაუმჯობესდეს. მათ გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ ყველა მხარესთან სასამართლო რეფორმის და ზოგადად, სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
პროცესს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. კონფერენციას ესწრებოდა "სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე, რომელიც კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას საპროტესტო შეძახილებით შეხვდა. მანდატურის სამსახურმა მას დარბაზი დაატოვებინა.
"აირჩიეს 4 წლის ვადით, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება და ყველაფერი წყდება იმის მიხედვით, რა სურვილებიც აქვს "ქართულ ოცნებას" და სასამართლოში მოქმედ მურუსიძე-ჩინჩალაძე-შენგელიას კლანს,"- განაცხადა ნოდარ რუხაძემ.