შესაძლოა გაზი გაძვირდეს - სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის საკითხს დღეს სემეკი განიხილავს. მარეგულირებელს ტარიფის გაძვირების მოთხოვნით "თბილისი ენერჯიმ" მიმართა. კომპანიის განმარტებით, ლარის გაუფასურების გამო ზარალზე მუშაობს და 34 თეთრად შეძენილ ბუნებრივ აირს 26 თეთრად ყიდის.
გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა სავარაუდო ციფრები უკვე წარმოდგენილია. შესაძლოა გაზის ტარიფი დაახლოებით 8 თეთრით გაიზარდოს.
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანია გაზს უფრო ძვირად ყიდულობს, ვიდრე სემეკის მიერ ადრე დადგენილი ტარიფით ხდება მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება.
"ისინი გაზს უფრო ძვირად ყიდულობენ, ვიდრე ჩვენს მიერ ადრე დადგენილი ტარიფით ხდება მოსახლეობისთვის მიწოდება. შესაბამისად, კომპანია ხდება ვალაუვალი და იმისათვის, რომ კომპანია მოემსახუროს მომხმარებლებს, მიაწოდოს უსაფრთხოდ და უწყვეტად ბუნებრივი აირი, მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს მათი ტარიფების გადახედვა. ჩვენ დღეს კომისიის სხდომაზე სწორედ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ," - აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.