ფრაქციებთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს. საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობს. ახალი რედაქცია ერთი პარტიიდან შესულ ოთხ დეპუტატს შესაძლებლობას აძლევს შექმნან საპარლამენტო ჯგუფი, თუმცა ეს არ იქნება ფრაქცია.
საპარლამენტო ჯგუფს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს იმ უფლებამოსილებით, რაც გათვალისწინებულია საპარლამენტო ფრაქციისთვის, გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.
საპარლამენტო ჯგუფს არ შეეძლება გამოიყენოს ინტერპელაციის წესი და ასევე არ ექნება საკანონმდებლო ინიციატივის დაყენების შესაძლებლობა. თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა ნებისმიერი დეპუტატის პრეროგატივაა.
პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ცვლილებებს გატარებას სწორ ნაბიჯად აფასებს.
"იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების შემდეგ ზოგადად ვითარება ოპოზიციურ ფლანგზე საკმაოდ შეიცვალა, ჩვენ გარკვეულწილად ეს ცვლილებები გვჭირდება, მათ შორის იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესაძლებლობები გაძლიერდეს და ამიტომ ვფიქრობ, რო ამ ეტაპზე ეს სწორი ნაბიჯი იქნება ამ ცვლილებების გატარება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.
"ერთი და იგივე საარჩევნო ბლოკის სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, თუ ისინი იქნებიან უპარტიოები, ან დატოვებენ პარტიას, ექნებათ შესაძლებლობა, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შექმნან ფრაქცია ან შეუერთდნენ სხვა ფრაქციას. ამავდროულად, ერთი და იგივე პარტიული სიით გასულ პარლამენტის წევრებს ექნებათ საშუალება, რომ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტს და შესაძლებლობას ოპოზიციას ვაძლევთ. ეს ცვლილებებიც ახლა რეგლამენტში რეალურად ემსახურება სწორედ იმას, რომ საპარლამენტო ფრაქციებმა ოპოზიციის მხრიდან მაქსიმალურად გამოიყენონ ის რესურსი, რაც არის პარლამენტში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.