17 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
შესაძლებელია იკვეთებოდეს გარკვეული შეთანხმება კეზერაშვილთან - ოხანაშვილი გახარიაზე 

რამდენიმე დღეში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი პოლიტიკური ძალის სახელი და სტრატეგია უკვე გაწერილია, გუნდის სრულ შემადგენლობას საზოგადოება, დიდი ალბათობით, შაბათს იხილავს. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ამ თემაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, დღეს ახსენეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც. საკითხს მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" წევრის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, გარკვეული მედიასაშუალებები კონკრეტული პირების წარმოჩენას ცდილობენ, რაც იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა, იკვეთებოდეს მხარდაჭერის მიღება დავით კეზერაშვილის მხრიდან. 

"კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ ხელი შეუწყონ კონკრეტული პირების წარმოჩენას, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვებს, რომ შესაძლებელია გარკვეული სახის შეთანხმება, მხარდაჭერის მიღება კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში, კეზერაშვილის მხრიდან იკვეთებოდეს. ამის საფუძვლიანი ეჭვები მარტივად ჩანს, როდესაც კონკრეტული მედიასაშუალება აპიარებს ერთ კონკრეტულ პირს,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, გახარიას გუნდის წევრებმა პარტიის შექმნამდე "პოლიტიკურ მეკობრეობას" მიმართეს და "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანა სცადეს. 

"ჯერ პარტია არ არის შექმნილი, უმჯობესი იქნება, პარტიის შექმნის შემდეგ ვიმსჯელოთ ამ თემაზე. თუმცა, ის ნაბიჯები, რომელიც უკვე გადაიდგა ამ ჯგუფის პოლიტიკოსების მიერ, ვგულისხმობ მცდელობას რაღაც პოლიტიკური მეკობრეობის და "ქართული ოცნების" მხარდამჭრებთან საკუთარი იდენტობის გაიგივების, არის ძალიან მცდარი და არასწორი პირველი ნაბიჯები ამ პოლიტიკური ჯგუფის. დანარჩენს ჩვენ შევხედავ, მათ შორის, დაფინანსებასთან მიმართებაშიც,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

ცნობისთვის: დღეს გამოცემა ongo.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას, რომლის პრეზენტაცია 29 მაისს იგეგმება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებს.

 

დღის ამბები