ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს კაპანაძესთნ დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებს იგებენ. რეალურად ირკვევა, რომ ბიზნესმენის არცერთ კომპანიას სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.
„ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ უკვე მერამდენედ ტელეკომპანია „პირველი“ მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან არაერთხელ განვმარტე და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემს კუთვნილებაში არსებული არცერთი კომპანია არათუ არ იგებს სახელმწიფო ტენდერებს, მსგავსი ტიპის შესყიდვებში საერთოდ არ ვმონაწილეობთ. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა.
არანაირი საქმიანი და პირადი კავშირი არ მაქვს პიროვნებასთან, რომლის ჩემს სახელთან დაკავშირებას ცდილობს ტელეკომპანია „პირველი“. აღნიშნული პიროვნება ჩვენს ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა 9 წლის წინ, მას შემდეგ კომპანიაში არაერთი დირექტორი შეიცვალა, ამ ხნის განმავლობაში კი მე მასთან და მის ბიზნეს საქმიანობასთან არანაირი გადაკვეთა არ მქონია.
ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად არის შესაძლებელი საჯარო რეესტრშიც, მიუხედავად ამისა, მაინც ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რაც აშკარა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის ნიშნებს ატარებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცერთი ჩემი კომპანია არ მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში,“ - აცხადებს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე.