17 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი - მეთაურის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა 

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის და პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი - მეთაურის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. 

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც თბილისში, პოლონეთის საელჩოში გაიმართა, ანჯეი დუდამ ილია დარჩიაშვილს პოლონურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალ ეტაპზე გადაყვანაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ილია დარჩიაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის რანგში მონაწილეობდა ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებაში. ამაყად და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პოლონურ-ქართული ურთიერთობები არ იქნებოდა ასეთ სიმაღლეზე და არ იქნებოდა ისეთი დონის, რომ არა წლების მანძილზე ილია დარჩიაშვილის ასეთი აქტიური მოღვაწეობა. ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვიცნობთ ვარშავიდან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ერთგვარი  ნიშანია, რომ ის ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მუშაობს. ეს არის ერთის მხრივ მისი პერსონალური ღირსებების, ღირებულებების და პოლიტიკური გამოცდილებისა და პოლონეთში მოღვაწეობისას მის მიერ გაწეული შრომის შედეგების დაფასება. დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლონეთი საქართველოს მეგობარია და ეს ამ ეფექტური მუშაობის დამსახურებაა. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის. დაე, იყოს ეს ჯილდო, ერთის მხრივ თქვენს მიერ პოლონეთში გატარებული წლების სამახსოვრო და ასევე სამადლობელი პოლონელი ერისა და პოლონეთის რესპუბლიკის მხრიდან, პოლონურ-ქართული ურთიერთობების სხვა ეტაპზე გადაყვანისთვის," - განაცხადა ანჯეი დუდამ. 
ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს დაფასებისა და უმაღლესი ჯილდოს გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მსგავსი მაღალი დონის სახელმწიფო ჯილდო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

"ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა ადამიანს, რომლებიც წლების მანძილზე აშენებენ პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს და სწორედ ამ ხალხის მონდომება გახდა ჩემი შრომის ინსპირაციის წყარო. მჯერა, მეც შევიტანე ჩემი მოკრძალებული წვლილი პოლონურ-ქართული ურთიერთობების აღმშენებლობაში. როდესაც პოლონეთში პირველად ჩავედი, უკვე ვიცოდი, რომ ეს იყო გმირების სამშობლო, რომლებიც დაუღალავად და უწყვეტად იბრძოდნენ პოლონეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, ისევე, როგორც იბრძოდა ჩემი სამშობლო. ვნახე აწ განსვენებული პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამშობლო, რომელმაც საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვას და თავისუფლების ხელყოფას გადაარჩინა. ბატონო პრეზიდენტო, მადლობელი ვარ და ვამაყობ პოლონეთში გატარებული ყოველი დღით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდება, მოიტანს შედეგს და საქართველო გახდება ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი,"-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე, 2017 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

დღის ამბები