ამ წუთებში, პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.
პარლამენტში თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრის ორი რაუნდის მიუხედავად პოზიციები არ დაახლოვდა და მხარეები ერთმანეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტს მხარს არ უჭერენ. შესაბამისად, ცვლილებებს რომელსაც დეპუტატებს ანრი ოხანაშვილი ამ წუთებში აცნობს, ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს.
სხდომა, ამ წუთებში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ფრაქცია "ლელოს" წევრი შალვა შავგულიძე დაინტერესდა, რა სამართლებრივი გარანტია არსებობს იმისა, რომ მომავალში სახელმწიფო თვითნებურად არ დააკავშირებს გარკვეულ ქმედებას 20 ივნისის მოვლენებთან და არ გაავრცელებს მასზე ამნისტიას.
"ფრაქცია" ლელოს კიდევ ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ამნისტიის ერთადერთი მიზანი ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სისიხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა იყო,
"ამ ამნისტიის იდეის ერთადერთი დანიშნულება იყოს ის, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ და ამ ლიდერს ჰქვია ნიკა მელია. ახლა თქვენ აქ რამდენიც არ უნდა გვესაუბროთ შტურმზე, ნიკა მელიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ამნისტია მედიატორებმა შემოგვთავაზეს იმისთვის, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ. რას ნიშნავს თქვენს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი კონკრეტულად მის საქმესთან დაკავშირებით,"-განაცხადა სამადაშვილმა.
"ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა დარღვევაზე, მაგრამ არა თეორიულ დარღვევებზე.
"გვავიწყდება, რატომ გაჩნდა საერთოდ ამნისტიის შესახებ ცნება ამ შეთანხმებაში. გაჩნდა იმის გამო, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ასეთი ქუდი აქვს იმ პუნქტს. ანუ, ეს თემა გაჩნდა იმიტომ, რომ ჯერაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ და ჩვენ მუდმივად ვსვამდით საკითხს პოლიტიკური ელფერის მატარებელი სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის შესახებ. იქ წერია, რომ უნდა გავრცელდეს ამნისტია ყველა დარღვევაზე, მაგრამ არა თეორიულ დარღვევაზე,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.