17 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"ქართული ოცნება" ესაუბრება საზოგადოებას, თქვენ ესაუბრებით "ნაციონალურ მოძრაობას" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას

"ქართული ოცნების" წევრმა ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის კანონის განხილვისას პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციას "პოლიტიკურ მოდას აყოლილები" უწოდა. 

მისივე თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე. 

"განსხვავება, რაც ამ დარბაზში გამოიკვეთა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის, არის შემდეგი - "ქართული ოცნება" ესაუბრება საზოგადოებას, ჩვენს ხალხს, თქვენ ესაუბრებით "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული ჩვენი ხალხის წინაშე, თქვენ გაქვთ, როგორც ჩანს, ნიკანორ მელიასა და "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე. თქვენ დემოკრატიას აქცევთ უბრალო ლოზუნგად და ეს არის პოლიტიკური მოდა, თუმცა, დემოკრატია ეს არაა პოლიტიკური მოდა, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და კანონიერების პრინციპი. ამიტომ, თქვენ, ვინც დღეს ერთი ადამიანის გარშემო ბრუნავთ, არღვევთ დემოკრატიის სულისკვეთებას და პრინციპს და ხართ პოლიტიკურ მოდას აყოლილი დემოკრატიის ლოზუნგად გამოყენებით. ეს არის ჩემთვის მიუღებელი,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მმართველი გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის მიღებას ბლოკავდა ის პარტია, რომელსაც, თავის დროზე, მოლაპარაკებები და პარლამენტში შესვლა არ სურდა. 

"ამ შეთანხმებას და ამნისტიის განხორციელებას, დღესაც და ახლაც ბლოკავს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ბლოკავდა თავის დროზე მოლაპარაკებებს, რომელიც დღეს არ არის შემოსული პარლამენტში. სწორედ ამიტომ არის, რომ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, უჭირს პასუხისმგებლობის აღება და უჭირს შეთანხმება იმაზე, რომელიც შავით თეთრზე წერია დოკუმენტში, კერძოდ: "უნდა მოხდეს ინიცირება კანონის ამინისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება". დამატებით კონვენციის სტანდარტიც გავითვალისწინეთ პროექტში, შესაბამისად აქ სადავო არაფერი არ არის,"-განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები