ვარლამ გოლეთიანმა "ღამის კურიერის" ეთერში გუმათში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, აქტივისტები შეეცადნენ რომ მშვიდობიანი გზით ხელებაწეული გადასულიყვნენ რკინის ბარიერების მეორე მხარეს, თუმცა მისი თქმით პოლიცია მათ დაუპირისპირდა და 2 ადამიანი დააკავა.
ვარლამ გოლეთიანმა პროტესტის გაგრძელებაზე და დიალოგის შესაძლებლობებზეც ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, რამდენად არსებობს დიალოგის რესურსი, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ამის მცდელობა მათ რამდენჯერმე ჰქონდა, ბოლო ასეთი შეხვედრა კი ქუთაისში გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრემიერის წარგზავნილ პირებთან გაიმართა. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით დიალოგის მიმდინარეობისას მხარეებს ერთმანეთი უნდა დაერწმუნებინათ არგუმენტებით, თუ რატომ უნდა აშენებულიყო, ან არ აშენებულიყო ჰესი. ამასთან დიალოგის წინაპირობა იყო ის რომ უნდა შეჩერებულიყო ჰესის მშენებლობა და აღებულიყო ბარიკადები. თუმცა გოლეთიანის თქმით არცერთი არ შესრულდა.
"ამის რესურსი არსებობდა, ამის შესაძლებლობა მოკლა ხელისუფლებამ, ამიტომ მოგვიწია ფართომასშტაბიანი აქციებით გადაგვეჭრა ეს პრობლემა," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
წამყვანის შეკითხვაზე ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად თუ არსებობს იმის რესურსი რომ აქტივისტები ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას დათანხმდნენ. ვარლამ გოლეთაინმა განაცხადა, რომ დოკუმენტი კაპიტულანტურია და პროცესში მთელი რიგი კანონდარღვევებია:
"ეს იმდენად კაპიტულანტური დოკუმენტია და ხელშეკრულების გარდა პროცედურულად რაც კი გაცემულა 2015 წლიდან არსებობს მთელი რიგი კანონდარღვევები, ამიტომ ვამბობთ რომ უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ უკვე დარღვეულია კანონი. ვინმეს თუ აინტერესებს, რომ ის ცვლილებები ჰესი 5 მეტრით დაბალი იქნება თუ მაღალი, ამას ჩვენ განვსაზღვრავთ - ამ ტიპის შეთავაზებები ხელისუფლების მიმართ ჩვენი პრეროგატივა საერთოდ არაა. აქ საუბარია იმაზე, როგორ წარიმართა პროცესი, ჩვენ ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ ის, რომ შინაარსობრივ მხარეში შევსულიყავით და გვემსჯელა, იმიტომ რომ აშკარავდება ჩვენი საუბრის დაწყებიდან 5 წუთში, რომ იკვეთება ვიწრო ინტერესები და კონკრეტული კანონდარღვევები, ამიტომაც იპარებიან მინისტრები იმ შეხვედრიდან და ვერ დგება ვერცერთი საგნობრივი დიალოგი და გვამისამართებენ მერაბ ლომინაძესთან და გიორგი აბრამიშვილთან, თითქოს ისინი არიან მხარე და მათ უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ მოაწერა კონკრეტულ ხელშეკრულებას ხელი ხელისუფლებამ, ან რატომ არ გაითვალისწინა დასკვნები. ეს კითხვები მიემართება სახელმწიფოს და როგორ დავსვათ კომპანიის მისამართით?" - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
რამდენად მნიშვნელოვანია გამოწვევა რომელიც ენერგოდამოუკიდებლობასა და ინვესტიციების შემოდინებას ექმნება ამ პროტესტით და მოლაპარაკებებში ნდობის გაჩენის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ვარლამ გოლეთიანი ჰესის მომხრეთა რიგებში ჩადგეს. აღნიშნულ თემაზე წამყვანის კითხვას ვარლამ გოლეთიანმა უპასუხა, რომ საკითხის ასე დაყენება არასწორია:
"არასწორია საკითხის ასე დაყენება, რომ რადგან ჩვენ დამოკიდებული ვართ გარკვეულად იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, მათ შორის ჩვენ ოკუპანტ მეზობელზე, ასე განვიხილოთ საკითხი, რომ კონკრეტულ პროექტებში არ ჩავიხედოთ, ნამდვილად მომგებიანია თუ არა და ნამდვილად ქმნის თუ არა ენერგოდამოუკიდებლობას და ზოგადი შეფასებებით შემოვიფარგლოთ. იმისთვის, რომ გავარკვიოთ ჩვენ ნამდვილად ვდგამთ თუ არა ენერგოდამოუკიდებლობისკენ და ენერგოუსაფრთხოებისკენ ნაბიჯებს, ამას სჭირდება ზოგადად შეფასება პროცესის და ამიტომ ვითხოვთ მორატორიუმს, რომ პაუზა ავიღოთ და შეფასების და მსჯელობის პროცესში ჩაერთოს საზოგადოება, ყველას უფლებები იყოს გათვალისწინებული და საერთაშორისო პრაქტიკებიც და განისაზღვროს ენერგოპოლიტიკა ქვეყანაში რომელიც დღეს არ გვაქვს. როგორ უნდა აშენდეს ამას სჭირდება ფართო მსჯელობა," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით დიალოგის გასაგრძელებლად მათი პირობები იგივეა ნამახვანში დაბრუნება, ყველანაირი მშენებლობის შეწყვეტა და ხეობიდან პოლიციის გასვლა. მისი თქმით, ამ დიალოგში მეორე მხარეს ვეღარ იქნება ნათია თურნავა, რადგან პროტესტის მონაწილეები მის გადადგომას ითხოვენ. გოლეთიანის თქმით, დიალოგის მეორე მხარე უნდა იყოს ხელისუფლებიდან გადაწყვეტილების მიმღები პირი.