14 მაისი 2024,   05:06
ვრცლად
არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

40 წლის მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანზე 3 წლის განმავლობაში სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. გორის რაიონული სასამართლო მის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ექსპერტიზას ელოდება, რომელმაც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა დაადგინოს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას. მას, როგორც მოგეხსენებათ, აქვს ფიზიკური ნაკლი, შესაბამისად, თარჯიმანი მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში. დაზარალებულისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებისთვის ჯერ არ არის ცნობილი, შესაბამისად, არც ჩვენ გვაქვს. ბრალდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, რომ იგი ახორციელებდა სისტემატურად, 3 წლის განმავლობაში აღნიშნულ ქმედებას. თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამას კატეგორიულად უარყოფს,"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი. 

დაკავებულს ბრალდება გუშინ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულმა 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა. უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. 

 

დღის ამბები