ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტის მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 20 ივნისის მოვლენების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები. მოეხსნებათ ნასამართლეობაც. ოპოზიციის კანონპროექტი ბრალდებული/მსჯავრდებული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებისთვის, სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქმედების შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის თანხმობას ითვალისწინებს.
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ საერთო კონსენსუსი იქნება.
"მე არცერთი ვერსიისთვის არ დამიჭერია მხარი, იმიტომ, რომ თუ შევთანხმდებით რაღაც ერთზე და იქნება კომპრომისული ვარიანტი, იმას მხარს დავუჭერ, მაგრამ ყველა თუ თავისკენ გაქაჩავს, ოპოზიციაც და "ქართული ოცნებაც", ასეთს მხარი არც დავუჭირე და ასეთ იდეას მხარს არ დავუჭერ,"-განაცხადა ელისაშვილმა.
"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი შარლ მიშელის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
"ოპოზიციის კანონპროექტი, ჩემი აზრით, ორ ნაწილში ეწინააღმდეგება იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ - ერთი, როდესაც მხოლოდ სამ პოლიციელზეა საუბარი და მეორე, რომ საჭირო იყოს დაზარალებულის თანხმობა. არასწორი დამოკიდებულებაა გაყოფა დაზარალებული ადამიანების, ან ბრალდებულების დაყოფა პოლიციელებად და აქციის მონაწილეებად,"-განაცხადა ხვიჩიამ.