"ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ქართველი ხალხის სასარგებლოდ", - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
კომისარმა მიმართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ კონფერენციასთან დაკავშირებით გაავრცელა.
ვარჰეიმ ყურადღება გაამახვილა პანდემიის დროს ევროკავშირის მხარდაჭერაზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე, თანამშრომლობის სფეროებსა და მნიშვნელოვან რეფორმებზე. ევროკომისარმა ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას პროგრესის მისაღწევად სხვადასხვა სფეროში ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.
"ჩვენ უკვე გამოვყავით 187 მილიონ ევროზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, რათა ხელი შევუწყოთ სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობით.
ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით. ასევე განვსაზღვრავთ ქვეყნისთვის შესაბამის პროექტებს, რათა ხელშესახები შედეგი იგრძნონ საქართველოს მოქალაქეებმა.
ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ მმართველობაზე, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოებაზე, მართლმსაჯულების რეფორმებზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას იმუშაონ ერთად, რათა პროგრესს მიაღწიონ ამ ძირითად სფეროებში. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ამბიციურ ასოცირების შეთანხმებას, რაც ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობას მოიცავს," - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.