მართლმსაჯულების რეფორმაზე პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება. შარლ მიშელის შეთანხმების რიგით მესამე პუნქტის შესასრულებლად, დოკუმენტის ხელმომწერი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.
მმართველი გუნდმა და ოპოზიციამ უნდა დაიწყო დისკუსია თემაზე, თუ რა ხარვეზებია სასამართლო სისტემაში და რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში.
ამის პარალელურად ხელისუფლების ოპონენტებისთვის აქტუალურია სისტემაში ახლა მიმდინარე მოვლენები. "ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, შეთანხმებაში უნდა გამოიყოს ყველაზე სწრაფად განსახორციელებელი საკითხები და ასეთად ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას ასახელებს.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ის შეთანხმებაში არსებულ ცვლილებებისგან განსხვავებით, უფრო რადიკალური რეფორმების მომხრეა. იაგო ხვიჩია აღნიშნულ რეფორმას კოსმეტიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ რეალური რეფორმა იქნება მაშინ, როდესაც შემოღებული იქნება არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი პოლიციის შერიფების ინსტიტუტი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი ხაზს უსვამს პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე სასამართლო კლანის გაძლიერებად მიიჩნევს, რეფორმის განხორციელებამდე იუსტიციის საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებს, რაც მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმაში გათვალისწინებულია როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე ხდება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების იმპლემენტაციაც. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევას, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეფორმის მიმდინარეობის საბაბით, მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შეფერხება არასწორია.