მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და ნაზი ჯანეზაშვილს მწვავედ აკრიტიკებს. მისი კრიტიკის ობიექტი არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, არამედ ზოგადად მესამე სექტორია. სერგო მეთოფიშვილი ნაზი ჯანეზაშვილს ყალბი დიპლომის ქონაში ადანაშაულებს:
"ჩვენი პოლიტიზირებული NGO-ების "მამებისათვის" და "დედიკოებისათვის" იმას კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ყალბი დიპლომი აქვს თუ არა მათ ფავორიტს ნაზიბროლა ჯანეზაშვილს, არამედ იმას, რომ იგი(ნაზიბროლა) იმავე NGO-ების "მამების" და "დედიკოების" ყურმოჭრილი მონა იყოს და აღასრულოს ის, რაც მათთვის არის მისაღები.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება ლეგენდარული ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ ნიკარაგუის ოდიოზური დიქტატორის – ანასტაზიოს სამოსა გარსიას მიმართ წარმოთქმული საყოველთაოდ ცნობილი აპოკრიფიც: "სამოსა შეიძლება ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია," - წერს მეთოფიშვილი და მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის ნაზი ჯანეზაშვილისგან დიპლომის გასაჯაროებას ითხოვდა.
მეთოფიშვილის კრიტიკას უპასუხა ნაზი ჯანეზაშვილმაც. მისი თქმით, სასამართლო კლანის წევრი მოსამართლეები მის დისკრედიტაციას ცდილობენ.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათთან სამართლებრივ ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან სისტემა კლანის ხელშია:
"ერთია რას აკეთებ, 4 წლის განმავლობაში, როდესაც საბჭოს არამოსამართლე წევრი ხარ, ამ შემთხვევაში ჩემს თავზე ვსაუბრობ, მეორეა რა ხდება შემდეგ, ესენი ცდილობენ ახლა ჩემს დისკრედიტაციას, ეს არის მათი მიზანი, რაც ბუნებრივია რომ არ გამოუვათ, ცდილობენ შემდგომ წინსვლაში ხელის შეშლას. აზრი არ აქვს სამართლებრივად მათთან ბრძოლას, იმიტომ რომ სასამართლო სისტემა არის კლანის ხელში," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.