როგორ უნდა აირჩიონ იუსტიციის საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და გენერალური პროკურორი - ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა მოიცვას.
შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი პუნქტის შესრულების მიზნით ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს პირველად შეიკრიბა. შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეფორმის იდეას დოკუმენტის სახით გაწერს.
"ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ თუ სასამართლოსადმი ნდობა არ გაიზარდა, სახელმწიფოებრიობა რისკების წინაშე აღმოჩნდება.
"ხელისუფლება თვლის, რომ არის რაღაც პრობლემები და ძირითადად საქმე კარგადაა, ჩვენ ვთვლით, რომ კი არის რაღაც პოზიტიური, მაგრამ ძირითადად საქმე ცუდადაა და ამ საწყისი პოზიციებიდან ვიწყებთ მუშაობას," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ სასამართლოს სრული დამოუკიდებლობის გარანტიას ვერც შარლ მიშელის დოკუმენტი იძლევა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ამ დოკუმენტის გასაგები ფორმით აღსრულება მოხდეს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრ პაატა მანჯგალაძის თქმით, ისევე, როგორც საარჩევნო რეფორმაზე მოხდა ინტენსიური მუშაობა არასამთავრობოებისა და კომპეტენტური მხარეების ჩართულობით, იგეგმება, რომ მსგავსი ფორმით იმუშავებენ მართლმსაჯულების რეფორმაზე.
ვინ შევა მმართველი პარტიიდან სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, დღის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი უნდა დაკავდეს იმის შესწავლით, რამდენად თავსებადია აღქმები სასამართლოში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან:
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ფაქტობრივი შესწავლა, თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში, რამდენად თავსებადია გარკვეული აღქმები არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ამით უნდა დაკავდეს ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიქმნება. უნდა ჩავხედოთ, რა ხდება სასამართლო სისტემაში და აღქმებიც ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს. მაგალითად, კლიპებით არ შეიძლება აღქმების ჩამოყალიბება. სამუშაო ჯგუფი მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეისწავლის სისტემაში არსებულ მდგომარეობას. აღქმებიც ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს და არა ვიღაცების პოლიტიკური სუბიექტური ინტერესების საფუძველზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, არსებობს თანხმობა იმაზე, რომ რეფორმაში აქტიურად იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება.
"ამოცანა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და შევქმნათ დამატებითი გარანტიები, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და სასამართლო სისტემაში არ დავუშვათ პოლიტიკის შეტანა," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.