გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის პრეზენტაციის პარალელურად, "ექსპო ჯორჯიასთან" ხმაური იყო, სადაც სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" და "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები აქციას მართავენ.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ. როგორც ცნობილია, დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
"ექსპო ჯორჯიას" მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ერთი საათის განმავლობაში რამდენიმე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე შესვლას ითხოვდნენ, რათა მისთვის 20 ივნისის მოვლენების შეხსენება სურდათ, რისი საშუალებაც მათ დაცვის პოლიცამ არ მისცა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
"ჩვენ უნდა გავაგონოთ იქ მსხდომებს, იმიტომ რომ დავინახეთ არველაძე და ისეთი ხალხი, ვინც ფლობს საზოგადოებრივ პატივისცემას. გვინდოდა რომ გაეგოთ მათ ვისთან მოვიდნენ. პრინციპში იციან ვინც არის გახარია, მაგრამ თუ მაგასთან მოდიან, ისინიც ეგეთები არიან," – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი, ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი 20 ივნისის ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხავენ.
"როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია“. ეს არის სიტყვები, რომელიც გიორგი გახარიას ხსენებაზე ახსენდება და ყველას და ამ იმიჯს, ამ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც მოხდა 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას, გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გუნდი ასევე ვერასოდეს ჩამოირეცხავენ," - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.