"ნაციონალური მოძრაობა" ხვალ სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და იტყვის - უერთდება, თუ არა შეთანხმებას და შედის, თუ არა პარლამენტში. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია კვირას პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. მანამდე პოლიტიკური მოძრაობის წევრები ისევ საუბრობენ პოზიციებზე, რომლებიც ისევ განსხვავდება.
7 თვიანი ბოიკოტი, რომელიც პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად არ შეწყვეტილა, სავარაუდოდ ორ დღეში დასრულდება. "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე თემაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მედეა ვასაძემ ისაუბრა. მან მთავარ მოტივად პოლიტიკურ დიალოგში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, ხოლო საფუძვლად ნიკა მელიას რეგიონული შეხვედრა დაასახელა.
პოზიციები ჩამოყალიბებული აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". პარტიის წევრები ამაზე ღიადაც საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ კენჭისყრით უნდა მიიღოს.
მთავარი ოპოზიციური პარტიის შესვლას პარლამენტში მათი კოლეგები პოლიტიკურად სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარმოდგენილი პარტიების წევრები განსაკუთრებულ დახვედრაზეც ფიქრობდა.
ოპოზიციისგან განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა არაფერს ცვლის მმართველი გუნდისთვის, სადაც აცხადებენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ახლა პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის.