აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, ამერიკელი სენატორების ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია ბაიდენის და პუტინის შეხვედრის წინ და ის მკაფიოდ მიანიშნებს, შეერთებული შტატების ინტერესის ხაზგასმას ამ რეგიონში - ასეთია იმ ამერიკელი სპეციალისტების შეფასება, რომლებიც საქართველოს კარგად იცნობენ და თბილისთან ათწლეულებია ურთიერთობა აქვთ.
დიპლომატმა კენ იალოვიცმა, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო, აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სწორედ ახლა ამერიკის კონგრესის გავლენიანი წევრების თბილისში გამოჩენას.
იალოვიცი ამბობს, რომ სენატორები ასევე წაახალისებენ ოპოზიციის დარჩენილ წევრებს, პარლამენტში შევიდნენ და საკანონმდებლო ორგანომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს. ის მოხარულია, რომ სენატის დელეგაცია, განსხვავებით მაიკ პომპეოს ვიზიტისგან, ყველა მხარეს ხვდება.
საქართველოში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა, ვიზიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებებშიც ჩანს.
დღესვე საჯარო გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ბიუჯეტის პროექტის საერთაშორისო ოპერაციების ნაწილი, 2022 ფისკალური წლისთვის, რომელშიც საქართველოს დახმარებაც არის გათვალისწინებული.
2022 წლის ბიუჯეტში დეპარტამენტს საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარი აქვს მოთხოვნილი დემოკრატიზაციისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად და კრემლის დამაზიანებელ გავლენასთან გასამკლავებლად. თანხა გათვალისწინებულია კანონის უზენაესობის და სამოქალაქო საზოგადოების გასამტკიცებლად.