საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, კანონის უზენაესობა ის საფუძველია, რომელზეც დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო შენდება.
"საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღეს. კანონის უზენაესობა ის საფუძველია, რომელზეც დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო შენდება. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანეს რგოლს - პროკურატურას საკვანძო როლი აკისრია კანონის დაცვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში.
საქართველოს პროკურატურამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბებისა და სრულყოფის რთული გზა განვლო. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად შეიქმნა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პირობები. დღეს საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ევროპული სტანდარტების, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა. მის თითოეულ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმითა და მიუკერძოებლობით უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში. უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ პროკურორს, გამომძიებელს, პროკურატურის ყველა თანამშრომელს", - აღნიშნავს პრემიერი.