17 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
სხვების ხელით უნდოდათ ეკლის გლეჯა და ახლა უნდათ თავზე გადაგვაბიჯონ და შემოსკუპდნენ პარლამენტში - ალეკო ელისაშვილი ენმ-ზე

შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო საქმიანობაში სრულყოფილად ჩართვას - ენმ-ს გადაწყვეტილებას "მოქალაქეების" თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი აკრიტიკებს.

ელისაშვილის განმარტებით, ნიკა მელია შარლ მიშელის დოკუმენტის მეშვეობით გამოვიდა საპატიმროდან. მისივე თქმით, ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს არ წერს და პარლამენტში შესვლას აპირებს, ადასტურებს, რომ პარტიას არც პოლიტიკური ალღო გააჩნია და არც ნამუსი აქვთ.

"ნიკა მელია იმ შეთანხმებით გამოვიდა ციხიდან, გიორგი რურუა იმ შეთანხმებით გამოვიდა ციხიდან, საარჩევნო რეფორმა მიმდინარეობს და უკვე ერთი მოსმენით დამტკიცებულია, მართლმსაჯულების რეფორმას ვიწყებთ ახლა ამ დოკუმენტის შესაბამისად. ამას ხელს არ აწერს და რატომ შემოდიან მაშინ? ეს ადასტურებს, რომ არც ქვეყანა უყვართ, არც პოლიტიკური პრაგმატიზმი აქვთ, არც პოლიტიკური ალღო აქვთ და არც ნამუსი არა აქვთ.

სხვების ხელით უნდოდათ ეკლის გლეჯა, სხვების ლანძღვა-თათხვა უნდოდათ და ახლა უნდათ, რომ მხრებზე, თავზე გადაგვაბიჯონ და შემოსკუპდნენ პარლამენტში," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ენმ-ს მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერა საქართველოს ევრო კურსისთვის დამაზიანებელია.

"შარლ მიშელის დოკუმენტი სწორედ პირველ რიგში მეგობრობას და პარტნიორობას გულისხმობს. ბუნებრივია, შეიძლება იყოს რაღაც დეტალი, რომელიც ვინმეს არ მოწონდეს და ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ არ მიიღებ ამ კანონის მიღებაში მონაწილეობას, ან შენს ვარიანტს შესთავაზებ, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი, რომ ისინი ხელს არ აწერენ, მე ვფიქრობ, ჩვენი ევრო კურსისთვის არის დამაზიანებელი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც პარლამენტის წევრი და პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიდგომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასწორია.

"მე მგონი ბატონ შარლ მიშელს ებრძვიან და არ უნდათ, რომ მან ამითი პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ეტყობა საკუთარი კონკურენტი ჰგონიათ. მე ამდენ უხერხულობას არ შევქმნიდი ამ ყველაფრიდან, ხელს მოვაწერდი მე რომ ვიყო "ნაცმოძრაობის" ნაცვლად და უხერხულშიც არ ჩავაყენებდი კოლეგა ოპოზიციონერებს. თან გაერთიანების იდეით შემოხვიდე და თან ამბობდე, რომ მე არ მოვაწერ ხელს იმიტომ, რომ ის ცუდი, ამორალური დოკუმენტია და ჩემმა კოლეგებმა ოპოზიციიდან ასეთ დოკუმენტს მოაწერეს ხელი - ეს არასწორი მიდგომაა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები