17 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
რამდენიმე თვის წინ გახარია კორუფციას უარყოფდა, ჰკითხეთ მას, როდის ტყუოდა, მაშინ თუ გუშინ? - ირაკლი კობახიძე​

გიორგი გახარიას დამატებით განმარტებებს სთხოვენ - ყოფილ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს აინტერესებს, როდის იყო პოლიტიკოსი გულწრფელი, მაშინ როდესაც თანამდებობაზე იყო და "ოცნების" წარმატებაზე საუბრობდა, თუ ორი დღის წინ, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში ქვეყნის მთავარ გამოწვევებს შორის კორუფცია დაასახელა.

"რამდენიმე თვის წინ ის საპარლამენტო ტრიბუნიდან პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ იყო არავითარი კორუფცია, დღეს ის საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას, როდის ტყუოდა - საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ გუშინ, როდესაც აკეთებდა ამ განცხადებას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აქცენტს ოპოზიციაში დიდ კონკურენციაზე აკეთებს და ამბობს, რომ საზოგადოება თავად ნახავს, შეძლებს თუ არა გიორგი გახარია ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიის წარმატება მის გუნდზე და საზოგადოების განწყობაზეა დამოკიდებული. 

"ეს დამოკიდებულია მის გუნდზე, მის მოღვაწეობაზე. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაწყვეტენ, თუ ვინ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში და ვინ - ოპოზიციაში,"- აღნიშნა კალაძემ. 

დღის ამბები