17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ასე ვერ გათეთრდება ის, რაც გააშავეს ამდენი წლების განმავლობაში - ხაზარაძე გახარიაზე

ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას ოპოზიციაშიც აკრიტიკებენ. "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებები უბრალოდ ცინიზმია, რადგან თავად ასრულებდა დავალებებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

"დღევანდელი განცხადება 3 თვის წინანდელ საკუთარ თავზე, არის უბრალოდ ცინიზმი და ასე ვერ გათეთრდება ის, რაც გააშავეს ამდენი წლების განმავლობაში. გიორგი გახარია ყოველთვის იყო და არის არაფორმალური მმართველობის ნაწილი. იგი თვალდახუჭული ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის დავალებებს. სამწუხაროდ, ისეთ დავალებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყო, ამის მაგალითია ანაკლია, ამის მაგალითია კრიმინალური წერილების გადმოცემა, ბოტების და ტროლების ქარხნების მფარველობა,"-განაცხადა ხაზარაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გიორგი გახარიას კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი იმ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. 

"გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს გასაცემი პასუხი საზოგადოებისთვის: 20 ივნისი, ია კერზაიას მკვლელობა, ზვიად რატიანის საქმე, პანკისში მიმდინარე მოვლენები, მუხთარლის გამოძიება და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც, რეალურად, იყო დასტური, თუ როგორი სისტემაა საქართველოში. ის იყო პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პირველი პირი, ამიტომ ახლა ხაზგასმა იმაზე, რომ კორუფცია და ნეპოტიზმია საქართველოში, როდესაც თვითონ "ჯიგრულ ნეპოტიზმს" უჭერს მხარს, რა თქმა უნდა, მიუღებელია,"- განაცხადა დეკანოიძემ. 

გირჩის" წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით კი, გახარიას "ქართული ოცნებისგან" დისტანცირება გაუჭირდება. 

"გახარიას გაუჭირდება პოზიციონირება, მათ შორის, დისტანცირება "ქართული ოცნებისგან". ამიტომ, არა მგონია, ასეთი მიდგომით წარმატებული პროექტი იყოს. კორუფციას რაც ეხება, ცოტა სასაცილოცაა, რადგან გახარიას ჰქონდა ძალაუფლება იმისთვის, რომ კორუფცია დაემარცხებინა, თავად არ აღიარებდა კორუფციის არსებობას,"-განაცხადა რაქვიაშვილმა. 

დღის ამბები