"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას უპასუხა, რომელიც დოკუმენტზე ხელმოუწერლად პარლამენტში შესვლას ეხება, ამასთან, ისიც განმარტა, თუ რატომ არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა" ხელს მიშელის დოკუმენტს.
ლევან ბეჟაშვილმა "ქართულ ოცნებაზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი შეთანხმების დოკუმენტის სულისკვეთებას არ ითვალისწინებენ.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, მიშელის დოკუმენტი იყო მიღწევა, მაგრამ, ბუნებრივია, დიპლომატები ჩვენ გვაკრიტიკებენ იმ საკითხზე, რომლის ხელმოწერასაც არ ვახდენთ. ბუნებრივია, ამ დოკუმენტზე მათ გული შესტკივათ, რადგან თავად არიან ავტორები. თუმცა, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას" და ამბობენ, რომ ისინი არ იზიარებენ ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ სულისკვეთებას.
რაც მთავარია, ამნისტიის აქტი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაღობა არის, რომ ჩვენ ვერ ვაწერთ ამას ხელს. ჩვენმა ამომრჩევლებმა 20 ივნისის ღამე გააპროტესტეს და მთელი გულით იდგნენ იქ, დღეს კი "ქართული ოცნება" ცდილობს მთელი ეს ისტორია გადაწეროს და 20 ივნისის ღამე კრიმინალურ შემთხვევად მონათლოს. ამიტომ, ამ ამნისტიის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ მივიღებთ მონაწილეობას დოკუმენტზე ხელმოწერაში,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.