"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას განცხადებით, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერა, ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებები ნორმალური და ლოგიკურია.
მისი თქმით, ევროპულ დოკუმენტზე ხელის მოწერა მას გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ აპირებდა პარლამენტში შესვლას, რაც ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა.
ამის შესახებ თამარ კორძაიამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"მე დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვეტილი მქონდა თავიდანვე, მაგრამ ვთქვი, რომ არ შევიდოდი პარლამენტში, სანამ ნიკა მელია პატიმრობიდან არ გათავისუფლდებოდა. ის, რომ ევროპულ დოკუმენტზე ხელმოწერა საჭიროა, ამას დღესაც ვფიქრობ, რადგან ევროპული და ამერიკული მხარდაჭერების გარეშე, ამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.
ეს სამყარო გვეხმარება იმაში, რომ დემოკრატია დავამკვიდროთ. ამიტომ, მე ვთვლიდი, რომ დოკუმენტზე ხელი უნდა მომეწერა. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას კი თავისი ხედვები აქვს. მთავარია, ჩვენ იმ გზაზე, რომელსაც ოპოზიციის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე გამარჯვება ჰქვია, ერთად ვიყოთ. ის, რომ ოპოზიცურ პარტიებს შორის განსხვავებები არსებობს, მისაღები და ნორმალურია,"- განაცხადა თამარ კორძაიამ.