17 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
დავით აღმაშენებელიც ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, რომ სცოდნოდა თქვენი ინიციატივის შესახებ - არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივა განიხილეს. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების ძველი რედაქცია უნდა დაბრუნდეს, თუმცა არჩილ თალაკვაძე ამ ინიციატივას არ მიესალმება და მან განუცხადა გიორგი ვაშაძეს, რომ ამ ინიციატივას თავად დავით აღმაშენებელიც არ მოიწონებდა.

"ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში, ბატონო გიორგი, არავითარი სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესება არ არის თქვენი ინიციატივა. სამოქალაქო უფლებების მშვიდობიანი პროტესტი იმ ადამიანებს, ვინც კანონის დაცვით მანიფესტაციას გეგმავს და ატარებს, არაფერს არ უზღუდავს ეს საკანონმდებლო ნორმები და მინდა გითხრათ, რომ თვითონ დავით აღმაშენებელიც ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, რომ სცოდნოდა თქვენი ინიციატივის შესახებ. იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის პოლიციელებს და ჯარისკაცებს აი ასე მიულოცეთ თავისი პროფესიული დღე," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ არჩილ თალაკვაძეს უპასუხა, რომ მის ადგილზე აღნიშული მსჯელობის დროს ცინიკურ ტონს არ გამოიყენებდა.

"მე თქვენს ადგილზე ცინიკურ ტონს ამ საუბრის და ამ მსჯელობის დროს არ გამოვიყენებდი იმიტომ, რომ ბატონო არჩილ, პირველ რიგში, ეს ცინიზმი არის თქვენი პასუხი ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებასთან მიმართებაში. ეს კანონი მიჩნეული არის ანტიდემოკრატიულ კანონად და რატომ? თქვენ გინდათ სასჯელის მექანიზმი გქონდეთ ხელში თავისუფალ დემონსტრანტებთან მიმართებაში. თქვენ ამით ვერც ვერავის დააშინებთ, მაგრამ მოგიწევთ ამ ყველაფერზე, საკომიტეტო მოსმენებზე პასუხის გაცემა და ბოლოს, რატომ დაჩქარებულად - როგორც დაჩქარებული წესით გააუარესეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა, ასევე სწრაფად უნდა დაბრუნდეს ის უფლებრივი მდგომარეობა, რაც აქ არის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები