19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"იეჭვიანა ჩემზე ვარცხნილობის გამო, დამიჭირა და შემაჭრა" - ქალი, რომლის 11 წლის შვილმა თავი მოიკლა, ქმრის მიერ ძალადობაზე საუბრობს

11 წლის ავთანდილ აბჟანდაძემ თავი საკუთარი სახლის ეზოში მოიკლა. მან დედის მიერ ნაყიდი ძაღლის საბელით თავი ბლის ხეზე, მამის საძინებლის ფანჯარასთან ჩამოიხრჩო. ბავშვი სუიციდამდე მამამ, ფრიდონ აბჟანდაძემ მუქარით, სასტიკი მოპყრობით, პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით მიიყვანა. მამა ბავშვის თანდასწრებით ძალადობდა დედაზეც, რომელიც საბერძნეთში მუშაობდა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცოლის მიმართ ძალადობაში ფრიდონ აბჟანდაძე ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ტრაგედიიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ აბჟანდაძეების ოჯახში ყველა დუმს, ზუსტად ისე დუმს, როგორც ბავშვის თვითმკვლელობამდე. ძალადობაზე დუმდა სოფელიც, რომელიც მხოლოდ სასამართლოზე ალაპარაკდა. ადგილობრივები დღესაც ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

საქმის მასალებით, რომელიც კურიერმა მოიპოვა, ირკვევა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში აბჟანდაძეს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მუდმივად ახდენდა. გარდაცვლილი ბავშვის დედა, რომელმაც საქართველო 10 წლის წინ დატოვა, იხსენებს, რომ ქმარი მის წასვლამდე არაფხიზელ მდგომარეობაში მასზე და მის ქალიშვილებზე სისტემატურად ძალადობდა.

"როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი ტყუპებზე, უმიზეზოდ იეჭვიანა, ხარივით შემაბა ურმის უღელში, რითაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მაზიდინა საქონლის ნაკელი, რის შემდეგაც დაღლილობისგან წავიქეცი მიწაზე. მე ვიმშობიარე ტყუპებზე, რა დროსაც ორ საათში დაიღუპა ერთი ტყუპისცალი.

...იეჭვიანა ჩემზე ვარცხნილობის გამო და ძალის გამოყენებით დამიჭირა თმებში და შემაჭრა.

... აიღო თავისი კუთვნილი სანადირო ერთლულიანი თოფი და მითხრა, რომ უნდა ესროლა ჩემთვის, რა დროსაც თოფის კონდახი რამდენჯერმე დამარტყა თავის არეში," - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა ნესტან აბჟანდაძე ჩვენებაში. 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფრიდონ აბჟანდაძეს თავისუფლება 4 წლით აღუკვეთა.

გარდაცვლილი ბავშვის დედის მონაყოლის მიხედვით, ქმარი მასზე სექსუალურადაც ძალადობდა. აბჟანდაძე ფიზიკურად უსწორდებოდა ქალიშვილებსაც. ჩვენებების მიხედვით, მამაკაცი ბავშვის სიკვდილამდე რამდენიმე დღე სულ ნასვამი და გაღიზიანებული იყო, რაც მათი სატელეფონო საუბრის დროსაც გამოიხატებოდა.

"გავიგონე ჩემი მეუღლის ნათქვამი "შენ და ნათიას ავთანდილს აღარ განახებთო" და გათიშა ტელეფონი. ... ორ საათში დამირეკა ჩემმა მაზლმა ტარიელმა და მითხრა "ავთო აღარ გვყავს, აქ არის მკვდარიო" - ამბობს ჩვენებაში ნესტან აბჟანდაძე.

ამ გარემოების გამო თავდაპირველად იყო მკვლელობის ვერსიაც, რაც ექსპერტიზამ გამორიცხა და სიკვდილის მიზეზად ასფიქსია დადგინდა. ახლა უკვე მსჯავრდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. სწორედ დამნაშავე მამამ ნახა შვილის გვამი ხეზე პირველმა, მაშინ, როცა ბავშვმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, მამა ნაბახუსევი იყო და ეძინა. ამ ყველაფერს კი წინ მორიგი კონფლიქტი უძღოდა.

"მე არ ვიცი ჩემმა შვილმა რის გამო მოიკლა თავი, მე მასთან მქონდა ყოველთვის კარგი ურთიერთობა, მე მისთვის არც არასდროს არ შემიგინებია და არც ხმამაღლა არასდროს არაფერი მითქვამს," - აცხადებს ფრიდონ აბჟანდაძე. 

საქმის ოქროს მოწმეა დეიდა, რომელიც აბჟანდაძეების გვერდით ცხოვრობს. ია ბოგვერაძეს 2 დღის განმავლობაში მეზობლის ეზოდან ესმოდა ყვირილისა და მუქარის ხმა, მაგრამ არც ბავშვის დასახმარებლად მივიდა და არც 112-ში დარეკა. ჩვენების მიხედვით, თვითმკვლელობამდე 1 დღით ადრე მამა შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ისმოდა ბავშვის ტირილის ხმაც.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებულ ფრიდონ აბჟანდაძეს თავისუფლება 4 წლით აღუკვეთა.

დღის ამბები