დეპუტატის მანადატები 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ბრიუსელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე - "ნაციონალური მოძრობა" ერთადერთი პარტია ხდება, რომელიც ისე შედის მე-10 მოწვევის პარლამენტში, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილ ვალდებულებებს არ იღებს. ევროპაში ამას უკვე უწოდეს პასუხისმგებლობისგან გაქცევა.
"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შედიან, აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის მიუღებელია. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პოლიტიკურ პროცესში ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება და "ნაციონალური მოძრაობაც" თანაბრად არის პასუხისმგებელი სხვა პარტიებთან ერთად, კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში.
სურვილის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, შესაძლოა, საკანონმდებლო საქმიანობაში სრულად ვერ ჩაერთონ, ამის მიზეზი კი მათივე გადაწყვეტილება, შეთანხმების დოკუმენტზე ხელის არმოწერა გახდება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკანონმდებლო საქმიანობას საარჩევნო ბლოკის, " ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" 33 დეპუტატი დაიწყებს. მათგან მხოლოდ ერთმა, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა მოაწერა ხელი დღეს შეთანხმების დოკუმენტს. ბლოკის 33 დეპუტატში თამარ კორძაია აღმოჩნდა ის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომლისთვისაც მედიატორებთან მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია.
საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შარლ მიშელის დოკუმენტის გვერდის ავლით, მიუღებელია მმართველი პარტიისთვისაც. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, ამ ქმედებით "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, ბოიკოტის ლობირების შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება გაამართლოს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას მომდევნო სასესიო კვირიდან შეძლებენ. ყველაზე დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში ამ დრომდე აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ გეგმავენ.