გიორგი გახარიას ყოფილმა თანაგუნდელებმა დღეს ღიად უთხრეს, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს გახარიას პოლიტიკური გულწრფელობის არ სჯერა და მისგან დამატებით განმარტებებსაც ელოდება, თუ როდის იყო მართალი, როდესაც რამდენიმე თვის წინ "ქართული ოცნების" წარმატებაზე საუბრობდა თუ მაშინ, როდესაც უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში ქვეყნის არაერთ გამოწვევევას შორის კორუფცია დაასახელა.
მმართველი გუნდის მსგავსად, ყოფილი პრემიერის მისამართით კრიტიკა არ დაიშურეს პოლიტიკოსებმა ოპოზიციური ფლანგიდანაც. მათ გიორგი გახარიას დღესაც შეახსენეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთ საქმეზე პასუხი აქვს გასაცემი. პოლიტიკოსების ნაწილს იმაშიც ეპარება ეჭვი, რომ გახარია "ოცნებას" საბოლოოდ გაემიჯნა.
გიორგი გახარიას პოზიციას დღეს მხოლოდ ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები იცავდნენ. მათი შეფასებით, ყოფილმა პრემიერმა სწორედ იმიტომ გადაწყვიტა ჯერ წასვლა, მოგვიანებით კი პოლიტიკაში მოსვლა, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას გრძნობს.
ყოფილი პრემიერის პოლიტიკური პრემიერა უკვე გაიმართა. გიორგი გახარია პოლიტიკურ ბრძოლას ამჯერად უკვე ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის რანგში იწყებს. თანამდებობიდან წასული მთავრობის მეთაური ახალ გუნდთან ერთად საკუთარ ძალებს თვითმმართველობის არჩევნებზე გამოსცდის.